ანგელა მერკელის პოზიცია

2018-08-24 13:18:13

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასმულ კითხვაზე პასუხისას თქვა, რომ გერმანია მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

ასევე გერმანიის კანცლერი თსუ-ში სიტყვით გამოსვლამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გერმანიაში ქართველთა ლეგალურად დასაქმების საკითხი დასვა.

"მეორე საკითხი უკავშირდება ქართველების დასაქმებას გერმანიაში და მათთვის კანონიერი, ლეგალური სამსახურის შეთავაზების პერსპექტივას. აქაც კანცლერის პასუხი იყო აბსოლუტურად დადებითი. მან თქვა, რომ გერმანიის მთავრობა იმუშავებს იმ პროფესიების სიის შედგენაზე, სადაც სჭირდებათ კვალიფიციური ქართველი სპეციალისტები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და არის პირველი ნაბიჯი ქართველებისთვის გერმანიაში ლეგალურად მუშაობის პერსპექტივის შესაქმნელად. გერმანიაში გაჩნდება ლეგალური მუშაობის საშუალება ქართველებისთვის,"- ამბობს ბაქრაძე.

"ჩვენ ვამზადებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს. ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არსებობს დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით. ჩამოვაყალიბებთ დასაქმების ლეგალურ, სამართლებრივად გამართლებული გზებს. მათ შორის პროფესიული სასწავლებლების მეშვეობითაც, რომ აღნიშნული სკოლები გაძლიერდეს, ამას გარდა, მოხდეს გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობა,"- ოფიციალური თარგმანის მიხედვით, ამბობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.