რა შეღავათებით ისარგებლებენ მეხანძრეები

2018-08-22 13:00:05

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესში ცვლილებაა. მეხანძრე-მაშველი დაქორწინების, შვილის შეძენის ან არასრულწლოვნის შვილად აყვანის შემთხვევაში 1875 ლარის ოდენობის ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს. როგორც საკანონმდებლო მაცნეშია აღნიშნული, მეხანძრე მაშველი, ასევე ერთჯერადად, 1875 ლარს მიიღებს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაშიც.

„მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები ფულადი სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატის სრულ ოდენობამდე შესავსებად.

მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების (მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

კადრების განკარგულებაში ყოფნის მთელ პერიოდში მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და არასრულწლოვან შვილებს) უნარჩუნდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა.“ -  აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესში.

როგორც საკანონმდებლო მაცნეშია აღნიშნული, მეხანძრე-მაშველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას - 4000 ლარი, ხოლო მძიმე დაზიანებისას - 7000 ლარი.

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამსახური უზრუნველყოფს ამ მეხანძრე-მაშველის სამსახურში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებების და განათლების შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას.“ - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესში.