ბათუმში ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აეროპორტის გზატკეცილზე მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.