რა ბედი ელით სტუდენტებს

2018-08-21 11:19:39

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით უსამართლოდ შეუზღუდა. 2018 წლიდან საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი დაიწყო.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით. ამავდროულად, საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მან უგულებელყო ექსპერტების დადებითი დასკვნა და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა.

შედეგად, 800-მდე სტუდენტის არჩევანი, ესწავლათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იგნორირებულ იქნა, საბჭომ ისინი აიძულა გადანაწილებულიყვნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის სტუდენტების მიღებას, ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში მოქმედი კაანონმდებლობის მიხედვით.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების განცხადებული მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა (ჯარიმის ოდენობა ამჟამად 700 000 ლარია და მისი სამართლიანობის შესახებ მიმდინარეობს სასამართლო დავა).

ჯარიმიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა ადევს. უნივერსიტეტი მზადაა სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში დაფაროს საგადასახადო ჯარიმა.

ავტორიზაციის საბჭოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას, რომელსაც აქვს 23 წლიანი წარმატებული საგანამანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, თანამშრომლობს მსოფლიოს 60-ზე მეტ უნივერსიტეტთან.

უნივერსიტეტში ამჟამად სწავლობს 2000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტი, დასაქმებულია 400-მდე კვალიფიციური კადრი.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ შეილახოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, დემოკრატიული ღირებულებები, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება და დაიცვას საგანამანათლებლო სივრცე არაჯანსაღი გავლენებისგან.

სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სტუდენტები აპროტესტებენ და აქციას მართავენ.

შავი ზღვის სააერთაშორისო უნივერსიტეტი ინფორმაციას მის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.