მოსახლეობა დახმარებას ითხოვს [Video]

2018-08-15 20:01:35

სოფელ კრწანისის  მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. [ვიდეო/Video]

22 ივლისს, ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაზარებულ 4 ოჯახს, დღეს სასტუმროების დატოვება მოსთხოვეს. გარდაბნის მერიამ დაზარალებულებს სასტუმროს ხარჯების ანაზღაურება შეუწყვიტა, მიზეზად კი ფინანსების არ არსებობა დაასახელა.

მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია, მათი თქმით სახლებში ცხოვრება ამ ეტაპისთვის შეუძლებელია და დაძინება მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ მოუწევთ. დაზარალებულებმა მიმართეს გარდაბნის მერიას, თუმცა მათი მხრიდან მხოლოდ დაპირებები მოისმინეს და კომპენსაციის მოლოდინში არიან. მათი ერთადერთი დახმარება "წითელი ჯვრის" მიერ მიტანილი ტანსაცმელი და მცირედი საყოფაცხოვრებო ნივთებია. იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა დროულად არ მიიღებს კომპენსაციას, პროტესტის ნიშნად აქციების გამართვას და გზის გადაკეტვას აპირებს.

"ინფო რუსთავი" გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს, რამაზ ბუდაღაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა რომ - "დღის ბოლოს მე შევხდვი დაზარალებულებს და შევთანხმდით რომ მათ ვუქირავებთ ბინებს. რაც შეეხება ზარალს, მისი ოდენობა უკვე დადგენილია, კომპენსაციებს კი უახლოეს პერიოდში გავცემთ".

შეგახსენებთ რომ, ძლიერმა წვიმამ სამი კვირის წინ სოფელ კრწანისში ეზოები და სახლები მთლიანად დატბორა. განადგურებულია სახლებში არსებული ინვენტარიც, მიმდებარე ტერიტორია კი მთლიანად ტალახით და შლამითაა სავსე.