რა ვითარებაა კრწანისის დასახლებაში [photo]

2018-07-23 14:12:23

უხვმა ნალექმა კრწანისის დასახლება დატბორა. ადგილობრივები წყლის სახლში შევარდნას, რუსთავ-თბილისის ავტობანის მშნებლობას უკავშირებენ. წყლის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ საჭირო გახდა ხალხის ევაკუაცია.

წყლის ნაკადი იმდენად სწრაფად შევარდა საცხოვრებელ სახლებში რომ მოსახლეობამ გამოსვლა დროულად ვერ მოახერხა. ადგილზე სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა. მაშველებმა დროეულად მოახდინეს დაზარალებულების ევაკუაცია.

განადგურებულია ნათესები, დაიტბორა და დაზიანდა სახლები. მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივმა მთავრობამ სასტუმროში დააბინავა.

"რუსთავ-თბილისის ავტომაგისტრალის გზის დაგების პერიოდში კომპანას მოსახლეობასთან შეთანხმება არ უცდია. პირიქით, ჩვენ მივდიოდით და ვაფრთხილებდით, რომ  არასწორედ აკეთებდნენ. ვთხოვეთ, რომ არხის დონე დაეწიათ, რადგან აქ მოსახლეობა ცხოვრობს და არსებობდა წყლის სახლებში შემოვარდნის საფრთხე და ეს ასეც მოხდა," - განაცხადა დაზარალებულმა "ინფო რუსთავთან".

"დაზარალდა 11 ოჯახი, ჩვენ მათ დახმარება აღმოვუჩინეთ და გადავიყვანეთ სასტუმროში. პირველ ეტაპზე მოხდება ზარალის დათვლა" - განაცხადა გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

"გუშინ მოხდა ხალხის ევაკუაცია, მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდები სასტუმროში არიან გადაყვანილნი. სტიქიის ადგილას მოვიდნენ საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკამაც დაიწყო მუშაობა. უახლოეს პერიოდში მოხდება ძირითიადი არხების გაწმენდა. ვფიქრობთ, რომ გაწმენდით სამუშაოებს ორი დღე დასჭირდება. კომისია შეისწავლის დატბორვის გამომწვევ მიზეზს და დაადგენს მოსახლეობისათვის მიყენებულ ზარალს. პირველადი მონაცემებით, მდგომარეობა გაართულა მთიდანმოვარდნილმა წყალმა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხევა აღარ გამეორდეს" - განაცხადა „ინფო რუსთავთან“ ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.