საწვავი გაძვირდა.

2017-01-28 16:54:49

ზოგიერთ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი კიდევ გაძვირდა. ბენზინგასამართი სადგურების უმრავლესობაზე  ბოლო დღეების განმავლობაში საწვავის ფასმა 1 ლიტრზე 10 თეთრით მოიმატა. საწვავზე ფასის მატების ტენდენცია უკვე რამდენიმე თვეა შეინიშნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო მონაცემებით ნავთობის ფასი მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა  ბარელზე 56,24  (+ 0,90) აშშ  დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკში  კი York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე  53,78 (+ 0,75)  დოლარი გახდა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე გაიზარდა.