რუსთავში წყალმომარაგების ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაცია დასრულდა.
რუსთავის წყალმა ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მასშტაბური პროექტი დაასრულა, რომელშიც კომპანიამ 600 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
რეაბილიტაციის ფარგლებში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარედ, ქალაქ რუსთავის მკვებავი წყალმომარაგების 1 კმ სიგრძის მაგისტრალური მილი შეიცვალა. პარალელურად, წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ევროსტანდარტის შესაბამისი 15 ურდული დამონტაჟდა.
პროექტის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია ხვალ, 9 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან დაიწყებს და 11 აგვისტოს დილის 11:00 საათზე დაასრულებს.
სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 აგვისტოს 23:00 საათიდან 11 აგვისტოს დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ქალაქ გარდაბანს.
აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით 24 საათიან რეჟიმში ქალაქის რვა სხვადახვა წერტილში მობილიზებული იქნება წყლის ცისტერნები.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის, ასევე წყლის ცისტერნების ადგილმდებაროების შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს, წინასწარ, ტელევიზიის და SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის მეშვეობით.
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების დასრულებისთანავე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამასთანავე, მომავალში ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას მოსახლეობის მინიმალურ რაოდენობას შეეზღუდება წყალმომარაგება.
კომპანია რუსთავის წყალი მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სამუშაოებს. 2018-2020 წლებში ქალაქ რუსთავში სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კომპანია 12 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.