ადმინისტრაციული ჯარიმა

2018-07-25 12:57:45

პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოწერილ საჯარიმო ქვითარს, ხშირად საზოგადოება არ ეთანხმება,თუმცა არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი უფლებების თაობაზე.

გამოწერილ ჯარიმას თუ მოქალაქე არ ეთანხმება, შესაძლებელია ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

საჩივრის წერილობითი ფორმა უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ რეკვიზიტებს. მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობასა და მისამართს, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის პირად ნომერს.

მოქალაქე რომელიც საჩივარზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. შესაძლოა  გასაჩივრება მოითხოვოს  საქალაქო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და აღარ საჩივრდება.


გასაჩივრების უფლება შეზღუდულია გარკვეული ვადით:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.

ვადის გასვლის შემდეგ გასაჩივრების უფლება აღარ გაქვთ, თუმცა ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა.

 უფლებამოსილ ორგანოს თქვენ უნდა წარუდგინოთ კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზი წარმოადგენს შეფასების საგანს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს მიზეზის საპატიოდ მიჩნევა.