რა ღირს სუროგაცია საქართველოში

2018-07-25 19:42:47

საქართველოში სუროგაცია ნებადართული და ამავდროულად, სოლიდურ თანხებთან დაკავშირებული პროცედურაა.

სუროგატი დედის მომსახურების ფასი, საშუალოდ, 15 000-17 000 დოლარიდან იწყება, ამას ემატება ორსულობის პერიოდში ყოველთვიურად სუროგატის კვებისთვის გამოყოფილი  300 დოლარი, ტყუპების დაბადების შემთხვევაში სუროგატი დედა დამატებით კომპენსაციასაც იღებს.

მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ სხვადასხვა პათოლოგიის გამო, ქალს არ შეუძლია დაორსულება ან ნაყოფის ტარება 9 თვის მანძილზე,  შეუძლია, უკვე სუროგატის მომსახურებით ისარგებლოს. წყვილს აქვს საშუალება სამედიცინო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სუროგატით ისარგებლოს და ამ შემთხვევაში მომსახურება ფასიანი იქნება. შეუძლიათ ასევე ახლობლი ან ნათესავი მოიყვანონ და მათ მიერ შერჩეული ადამიანი იყოს სუროგატი დედა.

კანონის მიხედვით, სუროგაციით სარგებლობა მხოლოდ ცოლ-ქმარს შეუძლია. სუროგაციით ვერ ისარგებლებენ, როგორც ერთნაირი სქესის წყვილები, ასევე მარტოხელა პირები. საქართველოს მოქალაქე სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა უცხოელ ცოლ-ქმარსაც შეუძლია.

პირველი სუროგატი ბავშვი საქართველოში 2004 წელს დაიბადა და ამ გზით საქართველოში უკვე რამდენიმე ასეული ბავშვია დაბადებული. სუროგაციით ძირითადად ის ქალები სარგებლობენ, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო, ნაყოფის 9 თვე ტარება არ შეუძლიათ. ბიოლოგიური დედის კვერცხუჯრედიდან მიღებული ემბრიონი სუროგატი დედის სხეულში გადააქვთ, რომელიც ბუნებრივი ინკუბატორის როლს ასრულებს.