ნომრის ამომცნობი პროგრამა

2018-07-25 17:35:40

სატელეფონო ნომრების ამომცნობი პროგრამა სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა.

პროგრამა სრულიად უფასოა და მობილურში მისი ჩამოტვირთვა ყველას შეუძლია. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე სწავლობს აპლიკაციას, რომელშიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სისხლის სამართლის ნიშნები დაინახა.

საკითხი პირადი ნომრების ბაზის საჯაროობასა და აბონენტთა პერსონალური მონაცემების დაცვას ეხება. აღმოჩნდა, რომ პროგრამის შემქმნელებს თავისუფლად შეუძლიათ მომხმარებელთა ტელეფონებში ჩაწერილი სატელეფონო ნომრების მოპარვა და გასაჯაროვება. ამ პროგრამის შემთხვევაში საჯაროა არამხოლოდ ტელეფონის მფლობელის ნომერი, არამედ მის ტელეფონში შენახული ყველა კონტაქტი და პირადი მონაცემები. აღნიშნული აპლიკაციით მოხმარებელს ადამიანის საცხოვრებელი მისამართის გაგებაც კი შეუძლია. პროგრამით უკვე ათი ათასობით ადამიანმა ისარგებლა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა პროგრამაში დანაშაულის ნიშნების დანახვის შემდეგ შსს-ს მიმართა და რეაგირება სთხოვა. გამოძიება ორი მიმართულებით: კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევისა და კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევის მუხლით მიმდინარეობს.

ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მომხმარებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, თუ რა სახის ინფორმაციას გასცემენ ამა თუ იმ აპლიკაციის დაყენებისას.

ჯერჯერობით უცნობია, პროგრამის იდეის ავტორების მიზანი და ის, თუ რას დაადგენს გამოძიება. აღნიშნული აპლიკაცია კი დღემდე ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.