უყვირიან თუ არა პედაგოგები მოსწავლეებს

2018-07-28 17:21:24

სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ფიქსირდება, მოსწავლეების და მშობლების გარკვეული ნაწილი კი ამ ფაქტებზე საუბრისგან თავს იკავებს. თუმცა ამ საკითხზე საუბრობს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის მიერ წარდგენილი მონიტორინგის შედეგეგების თანახმად, სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმა ყვირილია. ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, რომ ძალადობის ფორმას - ყვირილს, საგნის მასწავლებელთა 78.8%, დამრიგებელთა 61.5%, სკოლის ადმინისტრაციის 47.1% და მანდატურების 20.3% იყენებს.

სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობას შეიძლება ჰქონდეს ყვრილის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, უფრო იშვიათად კი ფიზიკური შეურაცხყოფის ფორმა. თუმცა სკოლის თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი ასე არ ფიქრობს და ყვირილს და ცემას ძალადობის ფორმად საერთოდ არ მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ არის შემთხვევები, როცა ამას თავად მოსწავლეებიც ვერ აცნობიერებენ და მათ მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას ძალადობად არ მიიჩნევენ. იმის მიზეზი, რომ მოსწავლეები და მშობლები სკოლაში ძალადობის ფაქტებზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ, შეიძლება იყოს ის, რომ მათ არ აქვთ დახმარების მიღების იმედი და გამოცდილება. ისინი ამ საკითხზე საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა პირად საუბრებში კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებენ.

აღნიშნული მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველის აპარატმა გასულ წელს გამოაქვეყნა. შემცირდა თუ არა წელს სკოლებში მოსწავლეების მიმართ ძალადობის შემთხვევები, ამას, სავარაუდოდ, წლის ბოლოს, სახალხო დამცველის ახალი ანგარიშიდან შევიტყობთ.