გამონაკლისები ლეგალიზაციასთან დაკავშირებით

2018-07-31 12:22:11

საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ სარჩელი დააკმაყოფილა და კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. თუმცა არსებობს გარკვეული გამონაკლისები. ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში კვლავ რჩება ჩანაწერები, რომლებიც სანქციებს ითვალისწინებენ. მაგალითად, მოქალაქე დაჯარიმდება, თუ ის კანაფს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში მოწევს, ან მისი მოხმარება საფრთხეს შეუქმნის სხვა ადამიანს.

გასაღება:

მარიხუანას რეალიზაცია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით იკრძალება. ამ მუხლის მიხედვით, მარიხუანას უკანონო გასაღება ისჯება სამიდან რვა წლამდე პატიმრობით. თუ ეს ხდება დიდი ოდენობით (70 გრამი გამომშრალი, 140 გრამი ნედლი), ან ჯგუფურად, ან არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მაშინ მაქსიმალური სანქცია 9 წელია. განსაკუთრებით დიდი ოდენობის გასაღების შემთხვევაში (500 გრამი გამომშრალი, 1 კგ ნედლი) მაქსიმალური სანქცია 10 წელია.

ამასთანავე, გასაღების აქტი დამდგარად შეიძლება ჩაითვალოს მაშინაც, თუ ეს უფასოდ ხდება. გასაღების მუხლი არ შეიცავს განმარტებას მისი მინიმალური მოცულობის შესახებ. ეს ნიშნავს რომ გასაღებად შეიძლება ერთი "ჯოინთის" მეგობრისთვის შეთავაზებაც კვალიფიცირდეს.

შეძენა:

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბექა წიქარიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, 70 გრამამდე მოცულობის გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაზე სასჯელი გაუქმებულია.

იურისტ გიორგი ჩიტიძის განმარტებით, არსებული მდგომარეობა საკანონმდებლო ხარვეზს შეიცავს, რადგანაც სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლისთვის, რომელიც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ფლობას კრძალავდა მხოლოდ სასჯელი გაუქმდა, ხოლო თავად მუხლი არსებობს. ანუ შესაძლებელია ნასამართლევად გცნონ, ხოლო სასჯელი კი ვერ მოგისაჯონ.

ამასთანავე, ნედლი სახით მარიხუანას 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის გაუქმდა საპატიმრო სასჯელი. ამ ქმედებას არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ კრძალავს.

ზუსტად ასეთივე საკანონმდებლო ხარვეზია ნედლი სახით 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას შენახვის შემთხვევაშიც. შესაძლებელია ნასამართლევად გცნონ, მაგრამ სასჯელი ვერ მოგისაჯონ, რადგანაც საკონსტუტუციო სასამართლომ ის გააუქმა.

კულტივირებისთვის:

მარიხუანას მცირე რაოდენობით კულტივირებისთვის, რაც კანონმდებლობის მიხედვით 10 გრამს შეადგენს, კვლავ არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ეს ქმედება სანქციად 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმებულია საპატიმრო სასჯელი 151 გრამამდე მარიხუანას კულტივაციაზე, თუმცა აქაც ისეთივე საკანონმდებლო ხარვეზი არსებობს როგორიც 70 გრამამდე მშრალი მარიხუანას შემთხვევაშია, როდესაც ამ ქმედებისთვის შესაძლოა ნასამართლევად გცნონ, მაგრამ სასჯელი ვერ მოგისაჯონ.

წყარო: tabula.ge