მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმაც გაუქმდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.
მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მათივე მტკიცებით, დასახელებული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს. მათივე განმარტებით, მარიხუანას მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
საქმის არსებითი განხილვა მაისში დასრულდა, გადაწყვეტილება კი დღეს გამოცხადდა. საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი გასული წლის 30 ნოემბერს დაუჭირა.