ირაკლი ტაბაღუას მადლობა რუსთაველ ბალერინას

2018-07-27 17:37:42

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან ერთად, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეს, მარიამ ბეჟოშვილსა და მის პედაგოგს, ნატა ფურცელაძეს შეხვდა.

12 წლის მარიამ ბეჟოშვილმა, რუსთავის ბავშვთა და მოზარდთა საბალეტო დასის სახელით, პარიზში გამართულ საერთაშორისო საბალეტო ფესტივალში „პარიზის ვარსკვლავი“ მიიღო მონაწილეობა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ირაკლი ტაბაღუამ რუსთაველ ბალერინას საერთაშორისო კონკურსში მიღწეული წარმატება მიულოცა და სიმბოლურ საჩუქართან ერთად, სპეციალური სიგელი გადასცა.
ქალაქის მერმა სამახსოვრო სიგელით დააჯილდოვა მარიამ ბეჟოშვილის პედაგოგი ნატა ფურცელაძეც.

ირაკლი ტაბაღუამ 12 წლის ბალერინას სამომავლო წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ის კიდევ არა ერთხელ ასახელებს საკუთარ ქალაქს.

მარიამ ბეჟოშვილი საფრანგეთში რუსთავის მერიის ხელშეწყობით გაემგზავრა.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს