თემურ აბაზოვი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სასამართლო პროცესი დამთავრდა. მარნეულში მომხდარ სკანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებული თემურ აბაზოვი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
აბაზოვის უფლებადამცველები 40 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნე, თუმცა მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი დაკავებაში ყოფილი მთავრობის პირველ პირებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პროკურატურას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს. ამის შესახებ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
„ბევრი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ. იყო შიში, სარალიძის გამოსვლები. ქვეყნის მაშინდელ პირველ პირებს დაუკავშირდნენ. იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან მქონდა ურთიერთობა და მაშინდელმა პირველმა პირებმა უთხრეს, მიდით ბოლომდე, გარეთ არ გამოუშვათო. მაღალი თანამდებობის პირის დაკავება ასე არ ხდება. ეს იყო მათი დავალება. მე არ ვარ დამნაშავე.“ - განაცხადა თემურ აბაზოვმა სასამართლო პროცესზე
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილებოდა ბრალდებულ თემურ აბაზოვის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტები და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზეც არსებობს ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე, რის გამოც მის მიმართ შეფარდებული პატიმრობა დარჩა უცვლელად ძალაში. არის ახალი გარემოებები, მიმდინარეობს გამოძიება, მოპოვებული იქნება ყველა მტკიცებულება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.“ - განაცხადა პროკურორმა გიორგი ლობჟანიძემ
"ბატონი თემურ აბაზოვის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, დაცვის მხარე არ ეთანხმება. არ ეთანხმება იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი ფორმალური მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მიგვაჩნია, რომ არასწორი, უსამართლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი, ვინაიდან რეალურად არ არსებობს რაიმე ხელშესახები და რაიმე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, შესაძლებელია, აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს აბაზოვის მიმართ ისეთი უმკაცრესი აღმკვეთი ღონისძიება, როგორიც არის პატიმრობა მაშინ, როდესაც კანონმდებლობა განმარტავს, რომ ყოველთვის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ნაკლებად მკაცრ აღმკვეთ ღონისძიებას მაშინ, როდესაც გამოძიებასთან თანამშრომლობა აშკარაა, როდესაც აბაზოვის მოთხოვნაა და დაცვის მხარის პოზიციაა, რომ დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე სამართლიანი, ობიექტური გამოძიების პირობებში ჭეშმარიტება. მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივ კონტექსტს სცდება.“ - განაცხადა თემურ აბაზოვის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.
სასამართლოს პარალელურად, რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან აბაზოვის მხარდამჭერი აქციაც მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, რომელიც მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა. მარნეულის მერი ბრალს არ აღიარებს.