მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე მილიარდი დაკარგა

2018-07-24 18:23:08

მარკ ცუკერბერგმა ორ საათში 18.8 მილიარდი დოლარი დაკარგა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთხედან მერვე ადგილზე გადაინაცვლა. ამის მიზეზი კომპანია Facebook-ის კორპორაციული ანგარიში გახდა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. ანგარიშმა ანალიტიკოსების იმედგაცრუება გამოიწვია, რის გამოც კომპანიის აქციების ღირებულება 20%-ით გაუფასურდა.

უცხოური მედიის ცნობით, კომპანიის შემოსავლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით გაიზარდა და 13.23 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა ამ მონაცემებმა არ გაამართლა ანალიტიკოსების მოლოდინები, რომლებიც 13.36-მილიარდიან შემოსავალს პროგნოზირებდნენ. ანალიტიკოსებს მოლოდინი ასევე გაუცრუვდათ ქსელის მომხმარებელთა რიცხოვნობის გამოც. მაგალითისთვის ევროპელი მომხმარებლების რაოდენობა 377 მილიონიდან 376 მილიონამდე შემცირდა. საერთო ჯამში კი აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 2.23 მილიარდს შეადგენს მაშინ, როცა ანალიტიკოსების მოლოდინი 2.25 მილიარდი მომხმარებელი იყო.

ანალიტიკოსების მოლოდინი მეტი იყო კომპანიის სუფთა შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებითაც.

აქციებზე ფასის ვარდნის გამო Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის კაპიტალი, დაახლოებით, 18 მილიარდი დოლარით შემცირდა.