მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხაიშსა და ჭუბერში ამ წუთებში ფინანსური პოლიციაა შესული.
რაც შეეხება ინფორმაციას ხაიშშა და ჭუბერში 1200 პოლიციელის შესვლის შესახებ, უწყებაში ამბობენ, რომ ეს ციფრი სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა სამართალდამცველები ადგილზე უსაფრთხოების მიზნით იმყოფებიან. ვიდეოს ტელეკომპანია იმედი ავრცელებს
ამ წუთებში სამართალდამცველთა დიდი რაოდენობით მობილიზებასა და ფინანსური პოლიციის შესვლას ხაიშის ცენტრში აპროტესტებენ ადგილობრივები. ერთ-ერთი მათგანის გარი ჩხვიმიანის თქმით, ხაიშის ცენტრში გზა არის გადაკეტილი, რომლის ერთ მხარე პოლიცია, მეორე მხარეს კი მოსახლეობა დგას.
„მობილიზებულია სპეცრაზმი, რომლისგანაც თავს იცავს მოსახლეობა. დილაუთენია დაგვადგნენ თავს. უმართავი ხდება პროცესი, ისეთი სიტუაციაა. პრემიერი შეიყვანეს შეცდომაში, რომ სტიქია ჭუბერში ხე-ტყის ჩეხვამ გამოიწვია, რაც სიცრუეა. ამიტომ შემოვიდნენ, როგორც გვეუბნებიან. ნიღბებითა და ფარებით მოვიდნნენ და დადგნენ ჩვენ წინაშე“, - თქვა ჩხვიმიანმა.
სოციალურ ქსელში დღეს დილით ფეისბუქ მომხმარებელმა და ადგილობრივი სკოლის მასწავლებელმა ზურაბ ნიჟარაძემ სახელით „სვანეთის ხაიში“ გაავრცელა ფოტო და მიმართვა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ხაიშისა და ჭუბერის თემებში 1200 პოლიციელი იყო შესული.
ფაქტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს 15 პირი.
ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელებაში. რის გამოც, აღნიშნულ სოფლებში ამ დროისთვის, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.