რეგულაციები ფინანსურ სექტორში

2018-07-20 12:47:54

ონლაინ-სესხების რამდენიმე კომპანიამ ბაზარი დატოვა.

საფინანსო ბაზარს რამდენიმე კომპანია გამოეთიშა. საკრედიტო პორტფელი გაასხვისა და ბაზრიდან გადის ონლაინ-სესხების ლიტვური კომპანია OKCredi და უკრაინული Momy.ge

2017 წლის იანვრის შემდეგ, რაც ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციებისთვის გარკვეული რეგულაციები დაწესდა, კომპანიების დაახლოებით 50% ბაზრიდან გავიდა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდა.

"კრედიტინფო საქართველოს" მონაცემებით, რეგულაციამდე მათ ბაზაში 46 ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, დღეს კი მათი რაოდენობა 24-მდე შემცირდა. ბაზრის დატოვების მიზეზად ონლაინ-სესხებთან დაკავშირებული რეგულაციები სახელდება.

ვრცელდება ინფორმაცია რომ, საფინანსო ბაზარს რამდენიმე კომპანია კიდევ გამოეთიშება.

შეგახსენებთ, რომ ონლაინ-სესხების გაცემის მიმართულებით რეგულაციები 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა. კერძოდ, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ყველა საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისთვის მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს.

გარდა 100%-იანი ეფექტური წლიური განაკვეთისა, მთავრობამ მიმდინარე წლიდან კიდევ ერთი რეგულაცია აამოქმედა, რომელიც ყოველთვიურად, გაცემული სესხების ოდენობის 15%-ის ავანსად გადახდაში გამოიხატება. ამას კი ბიუჯეტი სესხის უკან დაბრუნების შემთხვევაში აბრუნებს. აღნიშნული რეგულაცია არ ეხებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ბანკებს.