„ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. სამიტზე, რომელსაც 76 ქვეყნის 2500-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია სიტყვით გამოვა. სამიტის ვებგვერდზე წარმოდგენილი დღის წესრიგის თანახმად, რობოტი საჯარო სერვისებისა და ინოვაციების სესიაზე აუდიტორიის წინაშე 14:30 საათზე წარდგება. სესია მთაწმინდის პარკში გაიმართება. სოფიამ ჟურნალისტებთან ხელოვნური ინტელექტის და ქალთა უფლებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძალიან მოსწონს საქართველოში ყოფნა.
აღნიშნულ სამიტთან დაკავშირებით, 18 და 19 ივლისს დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა გავრცელდება ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. მოქალაქეებს მთაწმინდაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფუნიკულიორის ტრამვაის საშუალებით.
რობოტი „სოფია“ კომპანია Hanson Robotics-მა 2015 წელს შექმნა. მან 2017 წელს საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიიღო. „სოფია“ გაეროს კეთილი ნების ელჩია.