რუსთავის დემოკრატული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. საიამ მონიტორინგი 2016 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით ჩაატარა, რომელიც ძირითადად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შეფასებას გულისხმობდა. საიას ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ჩნდება ეჭვი მოსამართლეების პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაში. აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის მიზანი საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ხარვეზებისა და დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირებაა.