დღეს ჩვენი მოსახლეობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ წამლების შესყიდვაზე მოდის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შემოდგომაზე პარლამენტში შევა ახალი ინიცატივა, რომელიც ფარმაცევტულ სექტორში შეღავათებს დააწესებს.
„ჩვენ გვაქვს ეკონომიკაში სექტორები, სადაც გვქონდა ასიმეტრიული რეგულაციები, რომელმაც გამოიწვია უსამართლო თამაშის წესები და ჩვენ ყველა ასეთ სექტორში აღმოვფხვრით ამ უთანასწორობას. ჩვენ მთავრობაზე მივიღეთ გადაწყვეტილება და გავანთავისუფლეთ დღგ-სგან ნატურალური რძე, მათ შორის რძის პროდუქტები, რომელიც დამზადდება ნატურალური რძისგან. ამასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას ბიო-წარმოებაზე. შემოდგომაზე შემოვა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იგივე მიდგომის გამოყენებას ფარმაცევტულ სექტორში. დღეს ჩვენი მოსახლეობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მოდის წამლების შესყიდვაზე, ფარმაციაზე და აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს სექტორი იყოს განვითარებული, იყოს მაღალი კონკურენცია და ამის შედეგი იყოს დაბალი და მისაღები ფასები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.