დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა თანამედროვე ტექნოლოგიების დადებით და უარყოფით მხარეებსა და ამ მხრივ სასულიერო პირების შესახებ გავრცელებულ მითებზე ისაუბრა:
"ვერ წარმომიდგენია და არ მინახავს სასულიერო პირი, რომელსაც ცოდნა ან წვდომა არ ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებთან ან არ იყენებს მათ რაღაც სახით. მაგალითად, ტელეფონს, ტელევიზორს, მანქანას და კიდევ ბევრ მიღწევას, რომელიც თანამედროვე ცხოვრებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა" - დეკანოზმა ყურადღება გაამახვილა პირადობის მოწმობებზეც:
"ვფიქრობ, რომ ძალიან გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ სჯობს არ ჰქონდეს ადამიანს პირადობა. ზოგი კრძალავს ამას. თვითონ პირადობის ბარათის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ეშმაკის მსახურებას მიჰყო ხელი, სარწმუნოებას უღალატა ან ქრისტიანობა უარყო, მაგრამ ამ ბარათის არსი ნამდვილად არის ისეთი, რომ შეუძლია, ადამიანის ელექტრონული კონტროლი მოახდინოს. რატომ არის, რომ ცხადდება აქციები: ამა და ამ წლიდან ამა და ამ წლამდე შეგიძლიათ, მობრძანდეთ და უფასოდ აიღოთ პირადობის მოწმობა. წარმოგიდგენიათ, რამდენ მილიონს კარგავს ამაში სახელმწიფო. რის ფასად კარგავს ამას ჩვენ არ გვეუბნებიან. იმის ფასად, რომ როცა დრო მოვა და ამ ბარათს ფუნქცია ჩაერთვება, მაგალითად, სამსახურში შესვლის და აღრიცხვის, გამოსვლის და აღრიცხვის, საფრენი ბილეთის აღების, საბანკო ანგარიშიდან ფულის მოხსნის დროს, ეს ყველაფერი ხომ გათვალისწინებული უნდა იყოს იმ ჩიპში. ეს ნიშნავს იმას, რომ პიროვნების კონტროლი ძალიან ადვილი იქნება. ასე რომ, პირადობის ბარათის წინააღმდეგი კი არ არის ვინმე, არამედ, საუბარია იმაზე, რომ ეს ბარათი თავის დროზე შეიძლება იქცეს ელექტრონული კონტროლის ინსტრუმენტად. პირადობის მოწმობები და ჩიპიანი პასპორტები სასულიერო პირების დიდ რაოდენობას აქვს, დადიან საზღვარგარეთ, აქვთ მიმოსვლა, იყენებენ ისე, როგორც საჭიროა. ასე რომ, არასწორია, თითქოს სასულიერო პირები თანამედროვე მიღწევებს ებრძვიან, ეწინააღმდეგებიან და ბნელები არიან. თუ ეწინააღმდეგებიან,იმასაც ვამბობთ, რატომ ეწინააღმდეგებიან. ზოგიერთი სწორად არ აშუქებს ამის შესახებ ინფორმაციას. იცით, ურჩევნიათ, რომ შექმნან გაუნათლებელი, ბნელი, სასაცილო სასულიერო პირის სახე, რომელმაც რაღაც თქვა და არ იცის რა, ვერ დაასაბუთა. ასეთ წარმოდგენას ქმნიდნენ 30-იან წლებში, ამასხრებდნენ ეკლესიის მსახურებს. დღესაც საუბრობენ ამის შესახებ. ეს მითები არ დაკარგულა, არ გაქარწყლებულა და დრო და დრო ცოცხლდება მაშინ, როცა ეს სჭირდებათ. ასე რომ, სასულიერო პირები პროგრესის მოწინააღმდეგენი არ არიან. პირიქით, ძალიან ხშირად ვიყენებთ ამ პროგრესით მოტანილ სიკეთეებს დადებითად. არც იმას ვერიდებით, რომ თუ ამ პროგრესს რაიმე ცუდი მხარე სდევს თან, ამის შესახებაც ვისაუბროთ"