2018-07-11 11:48:15
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ცნობილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. ცნობილი ამერიკელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები, ე.წ „ლოკაციის მენეჯერები“, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა: „Momentum”, „The air I breathe”, „The patriot”, „Joe”, „Shallow Hal”, „outcast”, „Legendary”, „The last castle”, 10-დან 17 ივლისის ჩათვლით დაათვალიერებენ ბათუმს, თბილისს, რუსთავს, წყალტუბოს, ჭიათურას და ყაზბეგს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოს შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას.