ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში პაციენტს დანიშნულების გადამოწმება შეეძლება.
განსაზღვრულია რამდენიმე კრიტერიუმი, რის საფუძველზეც გადამოწმდება ჭარბად არის თუ არა მედიკამენტები გამოწერილი. მათ შორის, ყურადღება მიექცევა - ხომ არ არის დანიშნული ორი ან მეტი ანტიობიტიკი, ასევე, ხომ არ არის ექიმის მიერ გამოწერილი ერთი და იგივე ჯენერიკი ორი და მეტი სავაჭრო დასახელებით ან ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები ხომ არ არის ერთდროულად დანიშნული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნება მედიკამენტების ორგანიზმში შეყვანის გზები, რადგან შესაძლოა, მაგალითად, ორი ანტიბიოტიკი იყოს დანიშნული, თუმცა, ორგანიზმში შეყვანის გზები იყოს განსხვავებული (ერთი იყოს დასალევი აბი, მეორე კი მალამოს სახით)
მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალში დანიშნულების წარდგენით, ისე ელექტრონული რეცეპტების სისტემაში
პაციენტის გვერდიდან.
კერძოდ, პაციენტი შედის საკუთარი პაროლით ელექტრონული რეცეფტების სისტემაში. იქვე დანიშნულებაში გაჩნდა ღილაკი, რომლის საშუალებითაც ეს დანიშნულება განხილვისთვის ავტომატურად აიტვირთება პოლიფარმაციის საკითხებზე მომუშავე კომისიასთან. პაციენტი სამი დღის განმავლობაში იგივე პორტალის საშუალებით მიიღებს პასუხს - ექვემდებარება ეს დანიშნულება გადახედვას თუ არა.
პაციენტებს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლება რამდენიმე დღეში შეეძლებათ. აღნიშნული ინსტრუმენტი, რომელიც პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს, 16 ივლისიდან ამოქმედდება.