ცრუ დასმენის ფაქტი

2018-06-28 16:35:25

ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც ქმრის მიმართ ძალადობას და ცრუ დასმენას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე 2000-ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე - ქალის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილ ქმარზე ძალადობისა და ცრუ დასმენისთვის თამარ ბეკარაშვილის ბრალი გუშინ წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ.ბ დედამისთან - ლ.ხ.-სთან ერთად, ქ.თბილისში, ყოფილი მეუღლის, ნ.ყ.-ს  საცხოვრებელ სახლთან შვილის წასაყვანად მივიდა. ვინაიდან ბავშვს წასვლა არ უნდოდა და ტირილი დაიწყო, ნ.ყ.-ს საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან თ.ბ.-სთან შელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც თ.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ნ.ყ-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის არეში, შემდეგ კი ფრჩხილებით მიაყენა დაზიანებები ნაკაწრების, ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. ნ.ყ. შემდგომი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით სახლში შევიდა და კარები დაკეტა. მომხდარით განაწყენებულმა თ.ბ.-მ ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით პოლიციაში დარეკა და  ცრუ დასმენა განახორციელა, თითქოს მას  ყოფილმა მეუღლემ სცემა. მან ასევე ადგილზე მისულ პოლიციის მუშაკებს ნ.ყ.-ზე მიუთითა, როგორც დანაშაულის ჩამდენზე, რა დროსაც ნ.ყ. ადგილზე იქნა დაკავებული.


საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით ნ.ყ.-ს ბრალეულობა არ დადასტურდა, იგი გათავისუფლებული იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და პროკურორის დადგენილებით მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო თ.ბ.-ს წარედგინა ბრალდება 373-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის შესახებ ნ.ყ.-ს ცრუ დასმენა) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), რაც დასტურდება საქმეზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულისა და სხვა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.