რა დავალება მიიღო ზედამხედველობის სამსახურმა

2018-06-27 11:50:50

"დემონტაჟი გაუკეთონ მოსახლეობის მიერ თვითნებურად დამონტაჟებულ კონდიცირებისა და გათბობის სისტემის მილებს, რომელიც ძველი თბილისის იერსახეს ამახინჯებს"-აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კახა კალაძემ რეაბილიტირებული ძველი თბილისის მცხოვრებლებს მიმართა და განაცხადა, რომ 2016 წელს აღმაშენებლის გამზირის ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ამიტომ არ უნდა მოხდეს ფასადის დამახინჯება.

"ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა იერსახის და ფასადების დაზიანება კონდიციონერებით, გამათბობლებით და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით. ვიმეორებ, 30 მილიონი ლარი დაიხარჯა აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ასეთი ფაქტები არის უამრავი და ძალიან სამწუხაროა. სკვერებში არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მოვუაროთ, აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ და შემდეგ ისევ ჩვენ თვითონ ვაზიანებთ
" - განაცხადა კახა კალაძემ 

კალაძემ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაავალა დააფიქსიროს ფასადის დაზიანების ფაქტები და გონივრული ვადა მიეცეთ მფლობელებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.