სამსახურებში სოციალური ქსელებით სარგებლობა საფრთხის შემცველი გახდა. ამის მაგალითი, რუსთავის ერთ-ერთ ააიპ-ში არსებული სიტუაციაა. „ინფო რუსთავს“ მერიის ააიპ-ის თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელმაც ვარაუდი გამოთქვა იმის შესახებ, რომ მათი სოციალური ქსელები, კერძოდ კი „facebook”-ი, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კონტროლდება. თანამშრომლის განმარტებით, სამსახურში არსებულ კომპიუტერებზე, სპეციალური პროგრამაა დაყენებული რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება იმ პერსონალური გვერდების პაროლების დამახსოვრება, რომლითაც თანამშრომლები სარგებლობენ. „ინფო რუსთავის“ რესპოდენტი ჩვენთან საუბარში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც შესაძლოა მათი სოციალური ქსელები და მიმოწერები კონტროლდებიდეს. მისი ვარაუდით, სამსახურის ხელმძღვანელს აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ გარკვეული შეთქმულება მზადდება, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი რომ, სამსახურში თანამშრომლების მიმოწერა კონტროლდება.
რესპოდენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ვინაობა და ააიპ-ის სახელწოდება, არ სახელდება.