პრემიერ მინისტრმა თანამდებობა დატოვა

2018-06-13 18:42:30

საქართველოს პრემიერ მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

გადადგომის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიაში გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებამდე, განვლილი პერიოდი შეაფასა და იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც მისი პრემიერის პოსტზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

უცნობია ვინ შეცვლის კვირიკაშვილს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია დაინიშნება, ასევე საუბარია მაია ცქიტიშვილზეც, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს.

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება.

მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება.