ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი გამართლდა ერთი კი მოსამართლემ დამნაშავედ სცნო.ხმაურიან საქმეზე განაჩენი დღეს, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადდა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.
როგორც ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, დავით სარალიძეს არაერთი იარაღით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული და სასამართლომ მხოლოდ ერთი პირი ცნო დამნაშავედ, ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა დავით სარალიძესთან მიმართებაში და დამნაშავედ იქნა ცნობილი მეორე გარდაცვლილთან მიმართებით.
"მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდში, ჩემი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან, ვინ არიან ჩემი შვილის მკვლელები, დაუყოვნებლივ გადადგეს შოთაძე და დააკავონ მკვლელები”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.