უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების ორგანიზება საქართველოს მოქალაქისთვის 2-დან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად, ცრუ ცნობის წარდგენის ორგანიზებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების კორექტირება მოხდა. ცვლილებების გადამუშავებულ ვერსიაში დაკონკრეტებულია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად, ცრუ ცნობის წარდგენის ორგანიზება ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ქმედება ჩადენილია – არაერთგზის; ყალბი საბუთების გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე. თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 8 წლამდე. იურუდიული პირი კი, დაისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ცვლილებების გადამუშავებულ ვერსიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აცნობს.
წყარო: 1tv.ge