ტაქსების რეგისტრაცია იწყება

2018-05-25 11:34:40

ტაქსების რეგისტრაცია ზაფხულში დაიწყება.

„პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროქტი. ჩვენ მალე დავიწყებთ აქტიურ მუშაობას საკრებულოს მიერ გამოსაცემ ორ აქტზე. პარლამენტმა კანონი მიიღო, რათა შეექმნა საფუძველი მუნციპალიტეტისთვის, დაერეგულირებინა ე.წ. M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილებით საზოგადოებრივი სამგზავრო გადაყვანის საკითხი. ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ ფინანსთა სამინისტროსთან და მოარული ხმები, რომ ტაქსის მძღოლები დაიბეგრებიან, არის აბსოლუტური სიცრუე. არანაირი ახალი გადასახადი არ იქნება. ყველა ის შეღავათიანი სარეჟიმო სისტემა, რაც მიკრობიზნესისთვის არის მოქმედი, მათთვისაც შენარჩუნდება. უბრალოდ, საკრებულოს აქტის მიღების შემდეგ, მიმდინარე ზაფხულში, აგვისტოდან ნოემბრის თვემდე განხორციელდება რეგისტრაცია-განებართვიანება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

მისი განმარტებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება ტაქსის სერვისის განხორციელება შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე. უნებართვო საქმიანობა კი, ადმინისტრაციულ 200 ლარიან სანქციას დაექვემდებარება.

მერის მოადგილის განცხადებით, რეგისტრაციისთვის ერთჯერადი მოსაკრებელი 50 ლარს შეადგენს.

„ამასთან, პირველ ეტაპზე, ტაქსით სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭიროა პირადობის მოწმობა და ერთჯერადი მოსაკრებლის გადახდა 50 ლარის ოდენობით, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის იქნება თანხის 50 პროცენტი, ხოლო ელექტროავტომობილებისთვის სრულიად უფასო“, – განაცხადა თბილისის  მერის მოადგილე მაია ბითაძემ.

ინფო რუსთავი დაინტერესდა ხომ არ იგეგმება მსგავსი პროექტის განხორციელება რუსთავში. კომენტარისთვის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს დავუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ რეგულაციების დაწესებაზე რუსთავშიც მიმდინარეობს მუშაობა.

"იქნება სიმბოლური გადასახადი, რომელსაც ტაქსის კომპანიები გადაიხდიან, დიდი ყურადღება მიექცევა ავტომანქანას თუ რამდენადაა ტექნიკურად გამართული. ასევე ყურადღება გამახვილდება მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კიდევ სხვა დეტალებზე"-  განაცხადა გურამ კვარაცხელიამ, რომელიც ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს. ინფო რუსთავის ინფორმაციით ამ ეტაპზე რუსთავში 30- მდე ტაქსის კომპანიაა რეგისტრირებული.