რუსთავის მერიის ინიციატივა

2018-05-29 21:05:33

რუსთავის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდულ პროექტებს დააფინანსებს.

ახალგაზრდა ინიციატორთა პროექტების თანადაფინანსების შესახებ პროგრამა გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

პროექტის თანახმად, 29 წლამდე პირი ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ახალგაზრდულ თემატიკაზე პროეტებს დაწერენ, მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადაფინანსებას მიიღებენ.

მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის წარმომადგენლის, გიორგი გოგოლაძის ინფორმაციით, პროგრამაში გათვალისწინებულია ძირითადი მიმართულებები: ერთჯერადი და მრავალჯერადი ღონისძიებების ორგანიზება, არაფორმალური განათლება, რაც გულისხმობს ტრენინგების მოწყობას. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება. ასევე, მეწარმეობისა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერა.

"მუნიციპალიტეტის ნება იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ ახალგაზრდები ამ პროექტებში და ყველა პროექტი მოიცავდეს ახალგაზრდების ძალიან დიდ ჩართულობას." - აღნიშნა გოგოლაძემ.

წარდგენილ პროექტებს, სპეციალურად შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი შეარჩევს. პროგრამის ბიუჯეტი ერთი წლის განმავლობაში 100 000 ლარით განისაზღვრა.