პოლონური დელეგაცია რუსთავში

2018-05-21 13:16:12

რუსთავის მერია პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის-,,სოციალური უზრუნველყოფის პოლონური კომიტეტის“  წევრებს მასპინძლობს.

ვიზიტის მიზანი, რუსთავის მერიის სოციალური პროექტების გაცნობა და შემდგომი თანამშრომლობის გეგმების დასახვაა.
პოლონური დელეგაციის ვიზიტი,  რუსთავის მერიაში ოფიციალური მიღებით დაიწყო. შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, მერის მოადგილეები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში მოეწყო რუსთავის მერიის სოციალური პროექტების პრეზენტაცია, რის შემდეგაც, პოლონელი სტუმრები, გაეცნობიან მერიის ერთ-ერთ სოციალურ პროექტს და ადგილზე დაათვალიერებენ სოციალურად დაუცველთა სასადილოებს.

მოგვიანებით, პოლონელები ქალაქის ისტორიულ მუზეუმს გაეცნობიან. უცხოელები რუსთავში ახლადაშენებული მე-10 საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნის ცერემონიალსაც  დაესწრებიან. 

ვიზიტის პირველი დღე  რუსთავის ავტოდრომზე მოკლე ტურით დასრულდება.

სხვადასხვა სოციალური პროექტების  და ქალაქის გაცნობას დაეთმობა პოლონური დელეგაციის ვიზიტის მეორე დღეც. 22 მაისს სტუმრები რუსთავის შშმ პირთა ცენტრს,  იუსტიციის სახლს და ხანდაზმულთა მუნიციპალურ თავშესაფარს ეწვევიან. მოგვიანებით კი,  სტუმრები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკს დაათვალიერებენ.