მუზეუმის ღამე რუსთავში [photo]

2018-05-20 14:08:11

მუზეუმის საერთაშორისო დღე, საქართველოში ღია კარის დღეებით აღნიშნება.

მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, განსაკუთრებით საინტერესო რუსთავში, 20 მაისის ღამე აღმოჩნდა.

"ღამე მუზეუმში"- ნებისმიერ მსრურველს საღამოს 20:00 საათიდან ღამის 01:00 საათამდე უფასოდ შესვლა და წარსულში მოგზაურობა შეეძლო... ღონისძიებას უამრავი სტუმარი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები.

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, ღამის გატარების პირველი მსურველი 19:00 საათზე გამოჩნდა. ნელ-ნელა იზრდებოდა ხალხის რაოდენობა. განსაკუთრებულად გამოიყურებოდა რუსთავის ისტორიული მუზეუმის ეზო, რომელიც ორიგინალურად იყო გაფორმებული.

მუზეუმში ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ტიპის ექსკურსია მოეწყო- ძველი რუსთავის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა, კამერული ორკესტრის კონცერტი, ღია ცის ქვეშ, საარქივო მასალებისა და დოკუმენტური ფილმების კოლაჟის ვიდეო ჩვენება, ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის კონცერტი-ეს იმ კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების არასრული ჩამონათვალია რომელიც მუზეუმის კვირეულის ფარგლებში 20 მაისის ღამისთვის დაიგეგმა.

დამთვალიერებლებს ასევე საშუალება ჰქონდათ ენახათ თანამედროვე რუსთავის ინდუსტრიული განვითარების ისტორიის ამსახველ ექსპოზიცია, დაათვალიერებინათ უძველესი ქალაქის ხელმეორედ აღმშენებლობის ისტორიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. ახალგაზრდებს კი საშუალება ჰქონდა გაცნობოდნენ ლეგენდარულ "ხუთიათასიანელებს", რომელთა ენთუზიაიზმზეც, სულ 5-6 წელში, აშენდა თანამედროვე რუსთავი.

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიებები 20:00 საათიდან დაიწყო და კვირეულის პირველი დღე 01:30 საათზე საზეიმო ფოიერვერკითა და მანათობელი ფრანების გაშვებით დასრულდა.