მამაკაცმა ცოლი ბლაგვი საგნის გამოყენებით სცემა

2018-05-18 12:30:44

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული გ.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით.
სასამართლოში  წარდგენილი  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს გ.ლ.-მ, ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნის გამოყენებით სცემა მეუღლეს - თ.მ.-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.