რუსთავში მომრავლდნენ მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც სადარბაზოების დეზინფექციის მოტივით მოსახლეობას ფულს ართმევენ.
სხვადასხვა შ.პ.ს -ების წარმომადგენლები ადგილობრივებს არწმუნებენ, რომ სადარბაზოებში მღრღნელების, მწერებისა და ქვეწარმავლებისგან თავდაცვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ, რისთვისაც თითო ოჯახიდან 2 ლარს იღებენ.
რუსთავის ერთერთი კორპუსის წარმომადგენლები ყვებიან, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მათ კორპუსში სხვადასხვა პიროვნებამ სამჯერ შესთავაზა მსგავსი მომსახურება, თუმცა სადეზინფექციო სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. რუსთაველები აცხადებენ რომ ზოგ შემთხვევაში ისინი თავს რუსთავის მერიის წარმომადგენლებად ასაღებენ.
"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრს დაუკავშირდა. სამსახურის უფროსმა დავით ბეგაშვილმა გვაცნობა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ სმენიათ თუმცა, კომპანიები რომლებიც სადეზინფექციო სამუშაოებისთვის გარკვეული ოდენობის თანხას აგროვებენ, მათ სამსახურთან არანაირ კავშირში არ არიან. ბეგაშვილის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოებს ისინი ყველა საცხოვრებელ კორპუსში თვეში ერთხელ, უფასოდ ახორციელებენ.