რუსთავის ღია პირველობა კანოე კაიაკში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიებაში, რომელიც რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა, 140-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
რამდენიმე ათეული გამარჯვებული დღეს პირადად რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ სიგელებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვა.
ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა 14 წლის ალექსი წივწივაძემ, რომელმაც კანოეში სხვადასხვა დისტანციაში სამი პირველი ადგილის დაკავება შეძლო. ალექსი წივწივაძე ნიჩბოსნობაში10 წლის ასაკიდან ვარჯიშობს. ის ამჟამად რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეა. კანოეში მეორე ადგილი ნიკოლოზ როყვამ და გიორგი მიქელაძემ, ასევე მესამე ადგილი ნიკოლოზ როყვამ დაიკავა. რუსთაველებიდან კაიაკში ორი მეორე ადგილი თენგო მაღრაძემ, მეორე და მესამე ადგილები კი საბა ჭიჭიკოშვილმა გადაინაწილეს.
"რუსთავის პირველობა ტრადიციული ტურნირია, მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან არიან ჩამოსული, ასევე აზერბაიჯანიდან და სომხეთის რესპუბლიკებიდან არიან სტუმრები ჩამოსული. მე ვფიქრობ, ამ ყველაფერ ბუნებრიობაში იდეალური საშუალებაა, რომ ახალგაზრდები სწორად გაიზარდონ" - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
სპორტულ ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს წევრები და საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღია პირველობა ნიჩბოსნობაში „სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით ჩატარდა.
ავტორი: ირმა კურტანიძე