რუსთავის მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტომანქანებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობას ითვალისწინებს, მძღოლების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.
"ქალაქში გაჩნდა პარკირების ზოლები, სადაც ავტომანქანას უკვე თამამად გააჩერებ, მართალია ჯერ მხოლოდ კოსტავას გამზირის ნაწილს შეეხო ეს სიახლე ,თუმცა მთავარია რომ პრობლემის მოგვარების გზებზე მუშაობა დაიწყო და ეს ნამდვილად მისასალმებელია" - განაცხადა ერთერთმა მძღოლმა
"მანქანის გაჩერება განსაკუთრებით მოძრაობის მხრივ გადატვირთულ ადგილებზე ჭირს. პარკირების რაოდენობა შეზღუდულია, რაც მძღოლების უკმაყოფილებას იწვევს" - ამბობს ერთერთი მძღოლი
"არის ადგილები, მაგრამ უფრო მეტი, რომ იყოს უკეთესი იქნება. კოსტავას გამზირზე განსაზღვრულ პარკირების ზოლებში ძირითადად მიმდებარე ობიექტებში მომუშავეთა მანქანები დგას, თუ გაგიმართლა და გააჩერე კარგია, როგორღაც უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი" - განაცხადა ტაქსის მძღოლმა .
"კარგია იქნება თუ ყველა ცენტრალურ ქუჩაზე დაიხაზება პარკირებისთვის განკუთვნილი ზოლები, ატომობილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, მძღოლებს კი მანქანების გაჩერება უჭირთ. თითქმის ყველგან აკრძალულია გაჩერება, თუ გააჩერე პატრული დაგაჯარიმებს"- განაცხადა ერთერთმა მძღოლმა ინფო რუსთავთან.
ინფო რუსთავის მიერ გამოკითხული მძღოლების უმეტესობა აცხადებს, რომ ქალაქში ავტომობილთა რაოდენობა გაიზარდა და ამიტომ საჭიროა მეტი პარკირების ადგილები იყოს ქალაქში.
პრობლემის მოგვარებას კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გასაჩერებელი ადგილების რაოდენობის გაზრდით გეგმავს. პირველ ეტაპზე მერიამ, საპარკინგე ადგილები კოსტავას გამზირზე მოაწყო. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ანალოგიური სამუშაოების განხორციელება თოდრიას ქუჩაზეც იგეგმება. თვითმმართველობის მიერ ინიცირებულ პროექტს, რუსთაველები დადებითად შეხვდნენ.