უყვირიან თუ არა მოსწავლეებს რუსთავში

2018-05-05 21:50:10

სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმად ყვირილი დასახელდა, ამას სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი მონიტორინგის შედეგებში ვკითხულობთ.

ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, რომ ძალადობის ფორმას - ყვირილს, საგნის მასწავლებელთა 78.8%, დამრიგებელთა 61.5%, სკოლის ადმინისტრაციის 47.1% და მანდატურების 20.3% იყენებს.

ასევე მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა ვინც ფიქრობს, რომ ცემა (13.2%) და წამორტყმა (37%) ძალადობის ფორმები არაა. საყურადღებოა ისიც, რომ მოსწავლეების უმრავლესობას არ აქვს არც დახმარების მიღების იმედი.

კვლევისთვის კითხვარები სკოლის თანამშრომლებს და უფროსი კლასის მოსწავლეებს დაურიგდათ, ხოლო ინტერვიუ მანდატურებსა და სკოლის დირექციისგან იქნა აღებული, ასევე შეიქმნა მე-5, მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეებისგან ფოკუს ჯგუფები.


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით მონიტორინგი სახალხო დამცველის ინიციატივითა და UNICEF-ის მხარდაჭერით 109 სკოლაში ჩატარდა.

რუსთავის სკოლებში ბავშვთა ძალადობის შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა მშობლები და მოსწავლეები ამაზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან, პირად საუბრებში კი კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებენ.