აფეთქება მეტალურგიულ ქარხანაში [video]

2018-05-04 22:33:16

რუსთავის ფოლადის საამქროში აფეთქების შედეგად შუახნის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა 2018 წლის 4 აპრილს მოხდა, საამქროში შემთხვევით მოხვედრილი ნივთი აფეთქდა, რა დროსაც გუნტერი აბაშიძე მძიმედ დაშავდა, მას ორივე ფეხსა და ხელზე მძიმე ტრამვები აქვს. უკვე ერთი თვეა შუა ხნის მამაკაცი რეაბილიტააციის კურს გადის, თუმცა მისი შვილი „ინფო რუსთავთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბიულეტინის აღების შემდგომ, არანაირი დახმარება არ მიუღია მას ქარხნის ადმინისტრაციისგან. ოჯახი რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ნახეთ ვიდეო.

“4 აპრილს საამქროში მუშაობის დროს მოხდა აფეთქება, რა დროსაც მამაჩემმა მძიმე ტრამვა მიიღო, დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია, რომელიც 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეისათვის მას არც მუშაობა და არც გადაადგილება არ შეუძლია. ადმინისტრაცია არანაირ ყურადღებას არ აქცევს. დაზღვევაზეც კი უარი გვითხრეს, მოვითხოვე მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა, თუმცა მათ განმიცხადეს, რომ გამოძიების დასრულებამდე მამაჩემს ვერანაირ დახმარებას ვერ გაუწევენ“- განაცხადა ხვიჩა აბაშიძემ.

მეტალურგიული ქარხნის მორიგე ექიმმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა - „პაციენტს შემოყვანისას  მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა კიდურებსა და ტანზე, ასევე ტრამვირებული ჰყონდა გამშლელი მყესი, გაუკეთდა მყესის პლასტიკა და გაიკერა ჭრილობები“

“ინფო რუსთავი“ დაუკავშირდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციას, მათ ფაქტზე წერილობითი კომენტარი გააკეთეს - “ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტი არის შრომისა და უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვა. აღნიშნული ინციდენტი ნამდვილად მოხდა ერთი თვის წინ. დაშავებულს ჩაუტარდა მკურნალობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგ ვიმოქმედებთ კანონის სრული დაცვის ფარგლებში“.


როგორც ჩვენთვისაა ცნობილი 2018 წლის 4 აპრილს მომხდარი ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მეორე პიროვნებაც, რომელიც შედარებით მსუბუქად არის დაშავებული.