რუსთავის საკრებულოში შიდა საქალაქო სატრნასპორტო კომპანიის ხელმძღვანელი პირები საკრებულოს ტრანსპორტის დროებითი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ქალაქში არსებული, ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა იყო, კერძოდ კი ტრანსპორტის გადასახადის და შიდა საქალაქო ტრანსპორტის მგზავრთა ნაკადის სიმცირე.
შიდა საქალაქო ტრანსპორტი საფრთხის წინაშე დგას, როგორც საკრებულოს ტრანსპორტის დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა მგზავრთა ნაკადის სიმცირე გამოწვია ქალაქში არსებული კონკურენციით, კონკრეტულად კი იგულისხმება როგორც იაფასიანი მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე ტაქსი რომელსაც დაბალი ტარიფი აქვს და საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების ქალაქში გადაადგილება.
"ქალაქის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ შიდა საქალაქო ტრანსპორტი შეინარჩუნოს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ განყოფილება, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს, ასევე აუცილებელია რომ ტრანსპორტი იყოს კონკურენტულუნარიანი და მგზავრს ჰქონდეს სურვილი რომ აღნიშნული მიკროავტობუსით ისარგებლოს“- განაცხადა საკრებულოს ტრანსპორტის დროებითი ჯგუფის ხელძღვანელმა გურამ კვარაცხელიამ.
კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვან შემცირებაზე, "თუ ქალაქს 6 წლის წინ პირველი ნომრის 46 მიკროავტობუსი ემსახურებოდა ამჟამად მხოლოდ 28 შემორჩა" - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. ასევე დასვეს საკითხი გადასახადებთან დაკავშირებით და იმ უზუსტობაზე რომელიც ხელშეკრულებაშია გაწერილი. "შეხვედრაზე საუბარი იყო 91-ე დადგენილების შესწორებასთან დაკავშირებით, ხოლო ჩვენი მხრიდან მათ სხვადასხვა მითითებებეი მიეცათ, კონკრეტულად კი მიკროავტობუსების განახლება, ინტერვალის დაცვა და სერვისის გაუმჯობესება. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ეს პრობლემები აღმოფხვრათ“ -განაცხადა ქალაქის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა დაჩი გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსტავში ამჟამად შიდა საქალაქო ტრანსპორტის ე.წ. 12 ხაზი ფუნქციონირებს, რაც ყოველდღიურად 280-300 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ თითოეული მიკროავტობუსიდან ყოველთვიურად ქალაქის ბიუჯეტში 30 ლარის ოდენობის თანხა შედის, რაც ჯამურად 10 000 ლარამდე გამოდის.