მათემატიკური ოლიმპიადა "ევერესტი"-ს ფინალური ტური 6 მაისს გაიმართება. ფინალში რუსთავიდან 132 მოსწავლე გადავიდა.
ბავშვებისათვის ყველაზე საინტერესო და სახალისო მათემატიკური ოლიმპიადა ''ევერესტი''-ს მე-18 სეზონი 6 მაისს დასრულდება. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეების ვინაობა. ცნობილია, რომ პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს, პროექტის ორგანიზატორებისგან ოქროს მედალი გადაეცემა. მეორე ადგილზე გასულს ვერცხლის, მესამე ადგილის მფლობელი კი ბრინჯაოს მედალს მიიღებს. გამარჯვებულების დააჯილდოვების ცერემონიალი ზაფხულში გაიმართება.
"ევერსტის" მათემატიკური ოლიმპიადა სამტურიანია, გამარჯვებულები სწორედ სამ ტურში დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.
როგორც ევერესტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, მიმდინარე სეზონზე რუსთავიდან ყველაზე მეტი მონაწილე დაფიქსირდა. პირველი ტურში მონაწილეობა 1000-მა მოსწალემ მიიღო. ნახევარფინალში კი 500-ზე მეტი მონაწილე გადავიდა, ფინალურ ტურში კი 132.
სამსახურის ხელმძღვანელი ირმა ჭარაქაშვილი აცხადებს, რომ მათემატიკური ოლიმპიადა ევერესტის მე-18 სეზონი მონაწილეთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით გამოირჩევა. მისივე განცხადებით, გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე საქართველოს მასშტაბით 17 000 მე-2-მე-6 კლასის მოსწავლეები საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობდნენ.
"კიდევ ერთი სიახლე "ევერესტისგან" 2018 წლის 20 მაისს II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებისთვის ქართული ენის ოლიმპიადა ჩატარდება. რეგისტრაცია 10 მაისიდან დაიწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ტესტები განსხვავებულია, ის მორგებული იქნება თითოეული კლასის ცოდნის დონეზე, ასევე მათი წარმატებით შესრულება დამოკიდებულია ბავშვების ლოგიკურ აზროვნებასა და უნარებზე " - განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას ირმა ჭარაქაშვილმა.