რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში Paddle Board-ის განვითარება იგეგმება. სტარტაპი სახელწოდებით "მოუსვი" 27 წლის მიხეილ ხაჩიშვილს ეკუთვნის. Paddle Board-ი გასაბერი დაფაა, რომლითაც წყალზე გადაადგილებაა შესაძლებელი.
როგორც მიხეილ ხაჩიშვილი ამბობს, იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სპორტის სახეობის შესახებ თავისი მეგობრისგან გაიგო, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ევროპაში Paddle Board საკმაო პოპულარობით სარგებლობს.
სტარტაპ იდეის ავტორის ინფორმაციით, დაფებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს, მათ შორის გამოუცდელ ადამიანებსაც შეეძლებათ.
"მოვემსახურებით 12-13 წლის ასაკიდან ბავშვებს, ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, რადგან ძალიან მარტივი და საინტერესო სპორტია. ამინდები თუ შეგვიწყობს ხელს თითქმის ყოველდღე იქნება. უსაფრთხოა, რადგან დაფას ფეხზე იმაგრებ, გადმოყირავების შემთხვევაში არ გაგირბის დაფა და შესაძლებელია ჩამოეყრდნო და ნაპირზე გამოხვიდე, თან მომხმარებელს დამცავი ჟილეტი ეცმევა" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას მიხეილ ხაჩიშვილმა.
Paddle Board-ით ნახევარი საათის განმავლობაში სარგებლობა, სავარაუდოდ, 5 ლარი ეღირება. "მოუსვის" ავტორი სტარტაპ იდეის განხორციელებისთვის რუსთავის მერის ნებართვას ელოდება.
ავტორი: ირმა კურტანიძე