"ინფო რუსთავს" მოქალაქე დაუკავშირდა და ფოტო მიაწოდა. ფოტოს ავტორის თქმით, რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე იქ სადაც ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა და ფეხით მოსიარულეებიც ხშირად გადაადგილდებიან და ბავშვებთან ერთად პარკში მიდიან ხოლმე, ორი პირი ძროხას კლავდა. "ინფო რუსთავი" შემთხვევის ადგილზე გავიდა თუმცა ტერიტორიაზე აღარავინ იმყოფებოდა. ის რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ძროხა მართლა დაკლეს იმ ფაქტითაც დადასტურდა, რომ მითითებულ ადგილზე ცხოველის ნაწლავები ეყარა.
უნდა იკვლებოდეს თუ არა ცხოველი ღია სივრცეში, იმ ადგილზე სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი გადაადგილდება, ამ კითხვით ჩვენ სპეციალისტებს მივმართეთ, მათ გაგვიმარტეს რომ - "თუ ადგილი აქვს ხორცის რეალიზაციას მაშინ პირუტყვი სპეციალურ სასაკლაოზე უნდა იკვლებოდეს, თუმცა თუ ძროხის მეპატრონე ხორცს არ ყიდის, მას კანონი არ ზღუდავს ლოკაციის შერჩევისგან. კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით კი აშკარა დარღვევაა გარემოს დაბინძურება, მოქალაქეებს ცხოველის ნაწლავები ტერიტორიაზე არ უნდა დაეტოვებინათ".