მე-17 საჯარო სკოლაში გამოფენა მოეწყო, სადაც მოსწავლეთა ნახატები, ტოლერანტობისადმი მიძღვნილი უფროსკლასელთა კედლის გაზეთები და სამხატვრო სკოლა "არტ-კერა"-ს მოსწავლეების ნამუშევრები იყო გამოფენილი.
გამოფენას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და პედაგოგები დაესწრნენ.
"ასეთი გამოფენები ყოველთვის გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიამაყოთ ჩვენი ქალაქის მოსწავლეების ნიჭიერებით, ასევე ჩვენი ქალაქის ქალბატონებით, რომელთა მიერაც არის შექმნილი ეს მშვენიერება. ამ გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი ნამუშევრები, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მომავალში მეწარმეობის განვითარებას. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ნიჭით ქმნიან ნამუშევრებს "- განაცხადა საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ ნინო ტაბატაძემ.
მე-17 სკოლის დირექტორის ნელი ლიქოკელის განმარტებით, გამოფენას სიმბოლურად ეწოდა "გაზაფხული მე-17 სკოლაში". მოსწავლეების ნამუშევრების გარდა გამოფენაზე მშობლების ხელნაკეთი ნივთებიც იყო წარმოდგენილი.