რუსთავში მცხოვებ რუსუდან ნოზაძეს ხშირად უხდება შიდა საქალაქო მიკროავტობუსით სარგებლობა და ადგილობრივი მცხოვრები ინფო რუსთავთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ე.წ მარშუტკით სარგებლობას უკავშირდება.
რუსუდან ნოზაძე გვიყვება -"ვერ მივხვდები წინასწარ რა მდგომარეობაშია მიკროავტობუსი ტექნიკურად, ამიტომ ტრანსპორტის გაჩერებიდან დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ჩვენი უსაფრთხოება ხშირად კითხვის ქვეშაა, ასევე გამაღიზიანებელია შიდა სალონში არსებული სიტუაციაც. სავარძლები დასვრილია, მანქანაში კი სიგარეტის კვამლი დგას"
ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრეტენზიებს ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელში შეხვდებით. მგზავრები ყვებიან, რომ მანქანის სავარძლები დაბინძურებულია ასევე მოუწესრიგებელია სალონი. ყველაზე რთული მდგომარეობა კი #6,#8,#7 და #1 სამარშრუტო ხაზზეა, სადაც შიდა სალონების უმეტესობა მოუწესრიგებელია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური. ზურა ტაბაღუა ამბობს, რომ ტრანსპორტის მომსახურების სფეროს გაუმჯობესების მიზნით გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც სამსახურის უფროსმა ზურა ტაბაღუამ ინფო რუსთავს განუცხადა, კომპანიებს რომლებიც ქალაქის საზღვრებში ოპერირებენ მომსახურების სფეროს გაუმჯობესება დაევალათ. მისივე განცხადებით პირველ ეტაპზე როგორც შიდა ასევე გარე ვიზუალი უნდა მოწესრიგდეს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანას სულ 4 კომპანია ახორცილებეს, ადგილობრივებს დღის განმავლობაში დაახლოებით 250-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. ტექნიკურად გაუმართავი და მოუწესრიგებელი სალონი კი მგზავრების უკმაყოფილებას უკვე წლებია იწვევს.