თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

2018-04-17 00:51:15

მამიდაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული რ.ა. განზრახ მკვლელობისა და გაუპატიურების მცდელობისათვის დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულს ბრალად ედებოდა გაუპატიურების მცდელობა (სსკ-ის 19,137-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა (სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტი). საქმე ეხება 2017 წლის 16 ივლისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებული შეეცადა მამიდაშვილ ა.ხ.-სთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რაც ა.ხ.-ს მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო. ამ შემთხვევის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა, დანის გამოყენებით, მრავლობითი - 35 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა ა.ხ.-ს, რომელიც კისრის არეში მიღებული მრავლობითი დაზიანებებით, საძილე არტერიისა და ვენის სრული გადაკვეთის შედეგად გამოწვეული მწვავე სისხლნაკლებობით, ადგილზე გარდაიცვალა. დახურულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა, აღიარა მამიდაშვილის მკვლელობის ფაქტი, თუმცა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და გაუპატიურების მცდელობაში, თავი დამნაშავედ არ ცნო.  სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზების დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობის შეფასების შედეგად, დადასტურებულად მიიჩნია რ.ა.-სთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილი კვალიფიკაციით და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. გაუპატიურების მცდელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში სასამართლომ ბრალდებულს 7 წლით, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მსჯავრდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.