დედა ენის დღე რუსთავში

2018-04-14 15:50:20

დედა ენის დღე რუსთავში ღონისძიებით აღინიშნა. მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე კალიგრაფიული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი წიგნების გამოფენა მოეწყო, ასევე გაიმართა ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა. დედა ენის დღისადმი მიძღვნილ აქტივობაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს, რომლებმაც საკუთარი ხელით შექმნეს და გააფორმეს ქართული ანბანის ასოები. კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც რუსთავის მთავარი ბიბლიოთეკა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო ენად ქართული საქართველოში 1978 წლის 14 აპრილს გამოცხადდა. ამას წინ საქართველოს მოსახლეობისა და ინტელიგენციის წარმომადგენლების მასობრივი გამოსვლა უძღოდა. გამოსვლით ისინი საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდნენ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 მოქალაქე შეიკრიბა, კომუნისტურმა თვითმპყრობელობამ უკან დაიხია და ქართული სახელმწიფო ენად გამოცხადდა.