პოლიტიკური პარტიებისათვის საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნის ვადა დიდი ხანია ამოიწურა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის 6 წელი გავიდა, რუსთავში კი პოლიტიკური სუბიექტების სააგიტაციო მასალები ისევ გაკრულია. #20 მიკრორაიონს ჯერ კიდევ ახსოვს ვინ იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან. ზვიად ძიძიგურის პოსტერები აღნიშნული მიკრორაიონის კორპუსების სადარბაზოებზეა გაკრული.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46–ე მუხლის მერვე პუნქტის მიხედვით ვკითხულობთ, რომ თუკი საარჩევნო სუბიექტი დადგენილ ვადაში არ ჩამოხსნის საკუთარ სააგიტაციო მასალას, მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეკისრება – "შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა" – განმარტებულია კოდექსში.
რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის ფაქტზე, სპეციალური ოქმი შედგება, რომლის საფუძველზეც სამართალდამრღვევი იურიდიული პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება. სამსახურში განმარტავენ, რომ აუცილებელია არჩევნების დასრულებიდან გარკევული პერიოდის შემდეგ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნოდ გაკრული პლაკატები ქალაქის მასშტაბით ჩამოხსნან, რადგან ამით ქალაქის იერსახე იცვლება.